ტრამპმა ვიქტორ ორბანს დაურეკა და ჰკითხა, თუ რატომ ბლოკავს ის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს - ბლუმბერგი

თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს დაურეკა და ჰკითხა, თუ რატომ ბლოკავს ის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.
როგორც მედიასაშუალება წერს, ტრამპისა და ორბანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტსა და ევროპელი ლიდერების ჯგუფს შორის მოლაპარაკებებს მოჰყვა, რომლებიც თეთრ სახლში შეიკრიბნენ, რათა განეხილათ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების გზები.
სააგენტოს ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი „ოვალურ კაბინეტში ევროკავშირის ლიდერების დამატებითი, დაუგეგმავი შეხვედრის შემდეგ“ შედგა.
წყაროების ცნობით, ტრამპთან საუბრისას ორბანმა ასევე გამოთქვა ინტერესი ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის მასპინძლობის თაობაზე.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 25 ივლისს ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ უნგრეთის ფუნდამენტურ ინტერესებშია, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ წინააღმდეგობა შეინარჩუნოს.
ორბანმა აღნიშნა, ომში მყოფი ქვეყნის მიღება ევროკავშირში ომის იმპორტირებას ნიშნავს, უნგრეთს კი ფრონტის ხაზზე მყოფ სახელმწიფოდ გადააქცევს.