Loading data...
ტრამპმა უკრაინისა და ნატოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება ლათინური ამერიკის ქვეყნებზე გადაამისამართა - Washington Post

„დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ათობით მილიონი დოლარი, რომელიც თავდაპირველად უკრაინისა და ნატოს მოკავშირეებისთვის დახმარების გასაწევად იყო გამიზნული, ლათინური ამერიკის იმ ქვეყნებისკენ გადაამისამართა, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ კეთილგანწყობილნი არიან“, - ამის შესახებ უკრაინული მედია Washington Post-ზე დაყრდნობით იტყობინება. 

WP-ის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს თავისი განზრახვების შესახებ სექტემბერში აცნობა, რის შემდეგაც სენატორმა ჯინ შაჰინმა და გრეგორი მიქსმა თანხების გადამისამართების პროცესი დაბლოკეს.

„ადმინისტრაციამ ოთხშაბათს გვიან ღამით კონგრესს აცნობა გეგმის განხორციელების შესახებ. შედეგად, სლოვაკეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ტუნისისა და ერაყისთვის თავდაპირველად დამტკიცებული 52 მილიონი დოლარი პანამაში, პერუში, ეკვადორსა და კოლუმბიაში გადამისამართდება“, - განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მედიასაშუალებასთან საუბრისას. 

აღსანიშნავია, რომ სენატორები განსაკუთრებით უკმაყოფილონი იყვნენ სლოვაკეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის განკუთვნილი თანხების გადამისამართებით, რადგან ეს თანხები შედიოდა უკრაინისთვის განკუთვნილი დამატებითი დახმარების პაკეტში, რომელიც სპეციალურად ომით დაზარალებული ქვეყნებისთვის იყო განკუთვნილი.

კანონმდებლების წინააღმდეგობის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოცემა The Post-ს განუცხადა, რომ თანხები უფრო ეფექტურად გამოიყენებოდა ლათინურ ამერიკაში. 

„ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში რესურსების გადამისამართება შეესაბამება ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას. დასავლეთ ნახევარსფეროში მიმართული თანხები გააძლიერებს აშშ-ს უსაფრთხოების პარტნიორობას და წინააღმდეგობას გაუწევს მოწინააღმდეგეების სამხედრო გავლენას ჩვენს საერთო რეგიონში“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.