ტრამპმა უარყო პუტინის გეგმა ირანიდან რუსეთში ურანის გატანის შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადება, რომლის მიხედვით ირანიდან 450 კგ გამდიდრებული ურანის გატანა იგეგმებოდა. ეს შეთავაზება პუტინმა ტრამპს 9 მარტს გამართული სატელეფონო საუბრის დროს გაუკეთა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
პუტინმა ტრამპთან საუბრის დროს აშშ-ის და ისრაელის ირანთან ომის დასრულების რამდენიმე იდეა შესთავაზა. ირანული ურანის გატანა ერთ-ერთი ვარიანტია. 60%-მდე ურანის გამდიდრების საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიმე კვირაში მისი 90%-მდე გამდიდრებაა შესაძლებელი. 450 კგ ურანი, რაც ირანს გააჩნია, 10 ბირთვული ბომბის შესაქმნელად საკმარისია.
„რუსეთში ირანის გამდიდრებული ურანის გატანის შესახებ წინადადება პირველად არ გაჟღერებულა. აშშ-ის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ურანის უსაფრთხო შენახვაში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ“, - განუცხადა გამოცემა Axios-ს ინფორმირებულმა წყარომ. ამავე წყაროს ცნობით, ეს საკითხი ტრამპმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან და ევროპელ მაღალჩინოსნებთანაც განიხილა.
ამავე გამოცემის ცნობით, აშშ და ისრაელი ადრე უკვე განიხილავდნენ ირანში სპეცრაზმის გაგზავნის შესაძლებლობას ირანის ბირთვული არსენალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, შეერთებულ შტატებს აქვს რამდენიმე ვარიანტი, რომელიც ირანის გამდიდრებულ ურანზე კონტროლის უზრუნველყოფას ითვალისწინებს, მაგრამ ვაშინგტონი თეირანის მიერ ამ მარაგების ნებაყოფლობით გადაცემას მეტად მიესალმებოდა.