Loading data...
ტრამპმა უარყო მოსაზრება, რომ ირანთან კონფლიქტის დასასრულებლად ჩინეთის დახმარება დასჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრისას ირანის ომზე „ხანგრძლივ საუბარს“ გეგმავს, თუმცა მან უარყო ის აზრი, რომ კონფლიქტის დასასრულებლად ჩინეთის დახმარება დასჭირდება.

„არ ვფიქრობ, რომ ირანთან დაკავშირებით რაიმე დახმარება გვჭირდება. ასე თუ ისე ჩვენ გავიმარჯვებთ,  გავიმარჯვებთ მშვიდობიანად, თუ სხვაგვარად“, - განუცხადა ტრამპმა CNN-ს ჩინეთში გამგზავრებამდე. 

კითხვაზე, თუ რა არის მისი გზავნილი სი ძინპინისთვის ირანთან დაკავშირებით, ტრამპმა აღნიშნა: „გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობ, რომ ის შედარებით კარგი იყო. ბლოკადას თუ შეხედავთ, პრობლემა არ არის. ისინი ნავთობის დიდ ნაწილს ამ ტერიტორიიდან იღებენ. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონია და ის ჩემი მეგობარია“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ირანთან დაკავშირებით სიტუაციას აკონტროლებს. 

„ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი; სიმართლე გითხრათ, ვერ ვიტყოდი, რომ ირანი მათ შორისაა, რადგან ირანი დიდი კონტროლის ქვეშ გვყავს. ან შეთანხმებას დავდებთ, ან ისინი განადგურდებიან“, - აღნიშნა მან.