Loading data...
ტრამპმა სიდნეიში მომხდარი სროლა დაგმო და მას „წმინდა ანტისემიტური თავდასხმა“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში საშობაო მიღებაზე თავისი გამოსვლის დასაწყისში გამოეხმაურა ამ შაბათ-კვირას მომხდარ ორ სასიკვდილო თავდასხმას - როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში, ბრაუნის უნივერსიტეტში მასობრივ სროლასა და ავსტრალიის ებრაულ თემზე ბონდის სანაპიროზე მომხდარ თავდასხმას.

„მინდა, პატივი მივაგო ხალხს“, - განაცხადა ტრამპმა და ახსენა ბრაუნის უნივერსიტეტში სროლის შედეგად ცხრა დაშავებული და ასევე, ორი დაღუპული, რომლებიც, მისი თქმით, „ახლა ზეციდან გვიყურებენ“.

„ანალოგიურად, ავსტრალიაში, როგორც მოგეხსენებათ, იყო საშინელი თავდასხმა - 11 ადამიანი დაიღუპა, 29 მძიმედ დაიჭრა. და ეს, ცხადია, ანტისემიტური თავდასხმა იყო“, - განაცხადა ტრამპმა სიდნეის ბონდის სანაპიროზე ხანუქას აღნიშვნის დროს მომხდარი სროლის შესახებ.

„დაფიქრდით ამაზე და ბრაუნის უნივერსიტეტზე - შესანიშნავი სკოლა, შესანიშნავი, შესანიშნავი, მართლაც, ერთ-ერთი უდიდესი სკოლა მსოფლიოში. ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - აღნიშნა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „დიდ პატივს სცემს“ იმ გამვლელს, რომელმაც ავსტრალიაში მომხდარი სროლის დროს ერთ-ერთი თავდამსხმელის განიარაღება მოახერხა და მას „ძალიან, ძალიან მამაცი ადამიანი“ უწოდა.

„ჩვენ აქ ვართ შობის აღსანიშნავად და... ვფიქრობ, დღეს, პირველ რიგში, შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რომ ჩვენ ვზეიმობთ ხანუქას, რადგან ეს იყო საშინელი თავდასხმა, ეს იყო წმინდა ანტისემიტური თავდასხმა“, - განუცხადა მან თეთრ სახლში შეკრებილ ხალხს.