Loading data...
ტრამპმა ნოემი შიდა უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრისტი ნოემი შიდა უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა. ნოემის ადგილზე დონალდ ტრამპმა სენატის წევრი, რესპუბლიკელი მარკუეინ მალინი წარადგინა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

კრისტი ნოემის გადაყენების ინიციატივით წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატიული პარტიის“ წევრები გამოვიდნენ. მათ რამდენიმე „რესპუბლიკელი“ კონგრესმენიც შეუერთდა. ნოემის გადაყენება მოხდა სკანდალის გამო, რომელიც მინეაპოლისში საიმიგრაციო სამსახურის მიერ აშშ-ის ორი მოქალაქის, რენე გუდის და ალექს პრეტის მოკვლას უკავშირდება. მინისტრმა მათ „შიდა ტერორისტები“ უწოდა და მკვლელობის ყველა დეტალის დადგენის შემდეგაც თავისი სიტყვებისთვის ბოდიში არ მოუხდია.

კიდევ ერთი საბაბი იყო 220 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სარეკლამო კამპანია, რომელშიც კრისტი ნოემს რაშმორის მთის ფონზე ცხენზე ამხედრებულს გადაუღეს. კონგრესში მიმდინარე მოსმენებზე მან განაცხადა, რომ ამ სარეკლამო კამპანიის ბიუჯეტს პირადად პრეზიდენტმა ტრამპმა მხარი დაუჭირა, მაგრამ ტრამპმა სააგენტო Reuters-სთან საუბარში ნოემის ეს სიტყვები უარყო.

ნოემის მემკვიდრე, მარკუეინ მალინი, რომლის კანდიდატურასაც სენატმა მხარი უნდა დაუჭიროს, ასევე ხისტი საიმიგრაციო კურსის მომხრეა. ის საზღვრების უსაფრთხოებას და მიგრანტების დანაშაულს მიაქცევს ყურადღებას. ამასთანავე, Reuters წერს, რომ აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის რეალური არქიტექტორი ტრამპის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სტივენ მილერია.