Loading data...
ტრამპმა ნატოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატად მისი ახლო მოკავშირე, რესპუბლიკელი ადვოკატი მეთიუ უიტეკერი დაასახელა. ამის შესახებ ტრამპის გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უიტეკერი 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა მისი პირველი გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი გაათავისუფლა.

როგორც ამერიკული მედია აღნიშნავს, უიტეკერის საგარეო პოლიტიკური შეხედულებები თითქმის უცნობია. ის არასოდეს ყოფილა ჩართული საგარეო პოლიტიკის, ან ეროვნული უსაფრთხოების სფეროებში.

„მეთი ძლიერი მეომარი და ერთგული პატრიოტია, რომელიც უზრუნველყოფს შეერთებული შტატების ინტერესების წინსვლას და დაცვას. მეთი გააძლიერებს ურთიერთობებს ნატოს მოკავშირეებთან და მტკიცედ დადგება მშვიდობისა და სტაბილურობის საფრთხეების წინაშე - ის პირველ ადგილზე დააყენებს ამერიკას.

სრულად ვენდობი მეტის შესაძლებლობებს, წარმოაჩინოს შეერთებული შტატები ძლიერებით, ერთიანობითა და ურყევი ერთგულებით. მოუთმენლად ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობის პოპულარიზაციას ძლიერების, თავისუფლებისა და კეთილდღეობის მეშვეობით მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.