ტრამპმა ირანზე დარტყმა ორი ქვეყნის ზეწოლის შემდეგ გადაწყვიტა - The Washington Post
რამდენიმე წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე თავდასხმა ისრაელისა და საუდის არაბეთის ზეწოლის შემდეგ გადაწყვიტა, - ამის შესახებ The Washington Post-ი იტყობინება.
მედიასაშუალებამ კულისებში მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
აღნიშნულის საკითხის შესახებ ინფორმირებული ოთხი პირის თქმით, ირანზე თავდასხმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეების მიერ კვირების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ განხორციელდა.
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა ბოლო თვის განმავლობაში არაერთხელ დაურეკა ტრამპს და მოუწოდა აშშ-ს თავდასხმისკენ. ამავდროულად, პრინცმა საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა დიპლომატიური გადაწყვეტის მიმართაც.
ამავდროულად, გაზეთის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მხარი დაუჭირა სპარსეთის ყურეში ამერიკული სამხედრო ძალების გაძლიერებას.
ინფორმაციისთვის, 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.
საპასუხოდ, თეირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე აშშ-ის ბაზებსა და იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ვაშინგტონის მოკავშირეებად მიიჩნევს.
აშშ-ის სამხედრო ძალებმა პირველი 12 საათის განმავლობაში ირანში მდებარე სამიზნეებზე თითქმის 900 ჯერ მიიტანეს იერიში.
ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.
მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
ირანული მედია ადასტურებს, რომ ლიკვიდირებულია შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსიც.
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩევლის ალი ლარიჯანის განცხადებით, მალე ირანში შეიქმნება დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელები შევლენ.