Loading data...
ტრამპმა განაცხადა, რომ ის შეეცდება რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების ნაწილის უკრაინისთვის დაბრუნებას

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკელმა ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის შეეცდება ომის დროს რუსეთის მიერ დაკავებული „ღირებული ტერიტორიის“ ნაწილი უკრაინას დაუბრუნოს, თუმცა, გარკვეული მიწის გაცვლა მაინც მოხდება.

„ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი, როცა ზელენსკი ამბობდა, კონსტიტუციური თანხმობა უნდა მივიღოო. მან ომისთვის და ყველას მოსაკლავად მიიღო თანხმობა, მაგრამ მიწების გასაცვლელად თანხმობა სჭირდება, რადგან გარკვეული მიწების გაცვლა მოხდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ტერიტორიების გაცვლა „უკრაინის სასარგებლოდ“ მოხდება.

„ორივესთვის, უკრაინისთვის და რუსეთისთვის, კარგიც იქნება და ცუდიც. ეს ძალიან რთულია, რადგან დაპირისპირების ხაზი ძალიან არათანაბარია და მიწის გაცვლაც მოხდება. ჩვენ ფრონტის ხაზს შევცვლით. რუსებმა ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს. ვეცდებით, ამ ტერიტორიების ნაწილი უკრაინას დავუბრუნოთ“, - დასძინა ტრამპმა.