Loading data...
ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიის დასაკავებლად სამხედრო ძალას არ გამოიყენებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ გრენლანდიის დასაკავებლად სამხედრო ძალას არ გამოიყენებს, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სურს, კუნძული აშშ-მა გააკონტროლოს. ამის შესახებ მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თავის გამოსვლაში ტრამპმა აღიარა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, „ვერაფერი მიიღოს“, თუ გრენლანდიის წინააღმდეგ სამხედრო ძალას არ გამოიყენებს, თუმცა პირობა დადო, რომ ამას არ გააკეთებს.

„ალბათ, ვერაფერს მივაღწევთ, თუ არ გადავწყვეტ ზედმეტი ძალისა და ძალადობის გამოყენებას, რაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, უძლეველს გაგვხდიდა. მაგრამ ამას არ ვაპირებ, კარგი? ახლა ყველა იტყვის: „ო, კარგი“. ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებაა, რაც კი გამიკეთებია, რადგან ხალხს ეგონა, რომ ძალას გამოვიყენებდი“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„არ უნდა გამოვიყენო ძალა. არ მინდა ძალის გამოყენება. არ გამოვიყენებ ძალას“, - პირობა დადო ტრამპმა.

ამერიკელმა ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა გრენლანდიის კონტროლის სურვილი და აღნიშნა, რომ ეს ერთადერთია, რასაც შეერთებული შტატები „ითხოვს“.

„ყველაფერი, რასაც აშშ ითხოვს, ეს არის ადგილი, რომელსაც გრენლანდია ჰქვია, რომელიც ისედაც ჩვენ გვეკუთვნოდა... მაგრამ, რომელიც ჩვენ პატივისცემით დავუბრუნეთ დანიას არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მას შემდეგ, რაც დავამარცხეთ გერმანელები, იაპონელები, იტალიელები და სხვები მეორე მსოფლიო ომში. ჩვენ ეს ტერიტორია მათ დავუბრუნეთ“, - განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ახლა „ბევრად უფრო ძლიერია“, ვიდრე მაშინ იყო.

ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლი „მცირე თხოვნაა“, რადგან საუბარია „ყინულის ნაჭერზე“.