Loading data...
ტრამპმა განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული კრიზი სტარმერთან მისი შეხვედრის „ერთ-ერთი მთავარი მიზეზია“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღაზაში მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან მისი შეხვედრის „ერთ-ერთი მთავარი მიზეზია“. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

კითხვას, ეთანხმება თუ არა სტარმერს, რომელმაც განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ხანგრძლივი მშვიდობისკენ გადადგმული მრავალი „კონკრეტული ნაბიჯიდან“ ერთ-ერთი იქნებოდა, ტრამპმა უპასუხა, რომ ის კრიზისის „ჰუმანიტარული ასპექტების“ მოგვარებაზეა ორიენტირებული.

„არ ვაპირებ პოზიციის დაკავებას... ვცდილობ ხალხის გამოკვებას. ამჟამად ჩემთვის ეს ნომერ პირველი პოზიციაა, რადგან ბევრი მშიერი ადამიანია“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ტერნბერიში, საკუთარ გოლფის მოედანზე.

ამასთან, სტარმერთან შეხვედრამდე ტრამპს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაზე, რომ ღაზაში „შიმშილი არ არის“.

„არ ვიცი. ტელევიზიაზე დაყრდნობით, ვიტყოდი, რომ დიდად არ ვეთანხმები, რადგან ეს ბავშვები ძალიან მშივრები ჩანან. მაგრამ ჩვენ ბევრ ფულს და საკვებს ვაძლევთ და სხვა ქვეყნებიც ახლა აქტიურად ერთვებიან“, - აღნიშნა ტრამპმა. 

ამავდროულად, ტრამპმა აღიარა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, როგორც ადრე, ახლაც სირთულეებს აწყდება და ასევე დასძინა, რომ „ჰამასი“ მძევლების შემცირებულ რაოდენობას „ფარად“ იყენებს. ამის მიუხედავად, მან მიანიშნა, რომ სჯერა, „ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია“.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ როდესაც საქმე ბოლო ოცეულს მიაღწევს, ისინი მათ არ გაუშვებენ, რადგან ეს მათი ფარია - ეს ძალიან უსამართლოა და ამიტომ რაღაც უნდა გაკეთდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

თავის მხრივ, სტარმერმა განაცხადა, რომ ბრიტანული საზოგადოება „აღშფოთებულია“ ღაზაში მშიერი ადამიანების კადრების ხილვით და აღნიშნა, რომ მეტი უნდა გაკეთდეს ანკლავისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად. 

„ეს ჰუმანიტარული კრიზისია. ეს აბსოლუტური კატასტროფაა. არავის სურს ამის ნახვა. და მე ვფიქრობ, რომ ბრიტანეთში ხალხი აღშფოთებულია იმით, რასაც ეკრანებზე ხედავენ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი ღაზაში დახმარების მიწოდების ორგანიზებაზე იორდანიასთან თანამშრომლობს, თუმცა ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანები კვლავ ლოგისტიკურ სირთულეებს აწყდება.