Loading data...
ტრამპმა განაცხადა, რომ დავოსში ზელენსკის შეხვდება - ლიდერების შეხვედრა 22 იანვარს გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დავოსში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამის შესახებ მან მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„პრეზიდენტ პუტინთან ვმუშაობ და მას შეთანხმების დადება სურს. მე ამის მჯერა. მე ასევე ვმუშაობ პრეზიდენტ ზელენსკისთან და ვფიქრობ, მასაც სურს შეთანხმების დადება. მე დღეს მას ვხვდები“, - განაცხადა ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების მცდელობებზე საუბრისას.

თუმცა, სავარაუდოდ, ტრამპმა შეხვედრის დრო არასწორად დაასახელა. უცხოური მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ხვალ, 22 იანვარს, ჩავა.

მედიის ცნობით, ზელენსკი 22 იანვარს შვეიცარიაში ტრამპთან შეხვედრას გეგმავს, ხოლო თეთრი სახლის წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი - მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მიემგზავრებიან.

ორივე შეხვედრა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ განხილვას დაეთმობა.