ტრამპმა გამოაცხადა იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შევლენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შევლენ. აღნიშნული საბჭო ომის შემდგომ პალესტინის ტერიტორიაზე გარდამავალ მთავრობას გააკონტროლებს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
„დამფუძნებელი აღმასრულებელი საბჭოს“ შვიდკაციან წევრებს შორის არიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა.
თავად ტრამპი უხელმძღვანელებს საბჭოს, რომელშიც 15 წევრი იქნება. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს იქნება „ყველაზე დიდი და პრესტიჟული საბჭო, რომელიც კი ოდესმე შეკრებილა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას“.
17 იანვარს თურქეთმა განაცხადა, რომ ტრამპმა ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვია. ეგვიპტემ ასევე განაცხადა, რომ განიხილავს ტრამპის მიერ პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისისთვის გაგზავნილ მსგავს მიწვევას.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დანარჩენი წევრების ვინაობა მომდევნო კვირებში გამოცხადდება. თითოეული წევრის მოვალეობები არ არის დაკონკრეტებული.
გარდამავალი მთავრობის ზედამხედველობის გარდა, საბჭო პასუხისმგებელი იქნება ღაზაში წესრიგის შესანარჩუნებლად საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების (ISF) შექმნაზე.
ტრამპმა 16 იანვარს განაცხადა, რომ საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების ხელმძღვანელად აშშ-ის გენერალ-მაიორი ჯასპერ ჯეფერსი დანიშნა.