Loading data...
ტრამპმა დაავალა თავდაცვის სამინისტროს, რომ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე დოკუმენტები გაასაჯაროოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაავალა თავდაცვის სამინისტროს, რომ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე და უცხოპლანეტელებზე ინფორმაცია გაასაჯაროოს. ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ში დაწერა.

ტრამპმა ეს გადაწყვეტილება ამ საკითხის მიმართ უზარმაზარი ინტერესით ახსნა.

„ვავალებ თავდაცვის სამინისტროს და შესაბამის უწყებებს და სააგენტოებს, რომ გაასაჯაროონ სამთავრობო დოკუმენტები, სადაც დედამიწის ფარგლებს გარეთ ცხოვრებაზე, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე და სხვა ინფორმაციაზეა საუბარი, რომლებიც ამ ძალზე რთულ, მაგრამ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს ეხება“, - დაწერა ტრამპმა.

რამდენიმე დღის წინ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საიდუმლო ინფორმაცია გაასაჯაროვა ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, ობამას ეს არ უნდა გაეკეთებინა და მან „დიდი შეცდომა დაუშვა“. თუ რა საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა ობამამ, ტრამპს არ დაუკონკრეტებია.