ტრამპმა დაასახელა აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც რუსულ მხარესთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, თუ რომელი ამერიკელი ოფიციალური პირები მიიღებენ მონაწილეობას უკრაინაში ომთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებებში. კერძოდ, შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დაესწრება. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკულ დელეგაციაში ასევე შევლენ ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, ორ კვირაში შეხვდეს რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს.
„მარკო რუბიო გეგმავს თავის კოლეგა [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი] ლავროვთან შეხვედრას. ისინი მალე შეხვდებიან ერთმანეთს. ისინი მალე დროისა და ადგილის დანიშვნას გეგმავენ. შესაძლოა, ეს უკვე გააკეთეს“, - განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა.
შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტში პუტინს შეხვდება.