ტრამპმა და სი ძინპინმა სატელეფონო საუბრისას სხვა საკითხებთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომიც განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, ლიდერების საუბარი სხვა საკითხებთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სი ძინპინმა ის აპრილში პეკინში ვიზიტით მიიწვია.
„ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩვენ ბევრი თემა განვიხილეთ, მათ შორის უკრაინა/რუსეთი, ფენტანილი, სოიო, სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და ა.შ. ჩვენ კარგი და ძალიან მნიშვნელოვანი გარიგება დავდეთ ჩვენი შესანიშნავი ფერმერებისთვის — და ის მხოლოდ გაუმჯობესდება. ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან უაღრესად ძლიერია! ეს ზარი სამი კვირის წინ სამხრეთ კორეაში ჩვენი ძალიან წარმატებული შეხვედრის გაგრძელება იყო. მას შემდეგ ორივე მხარეს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს მიღწეული ჩვენი შეთანხმებების აქტუალურობისა და სიზუსტის შენარჩუნების კუთხით. ახლა შეგვიძლია, ყურადღება ფართო სურათზე გავამახვილოთ. ამ მიზნით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა აპრილში პეკინში ვიზიტით მიმიწვია, რასაც დავთანხმდი და მეც ვუთხარი, რომ წლის ბოლოს ის ჩემი სტუმარი იქნებოდა აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტის დროს. შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია ხშირი კომუნიკაცია, რასაც მოუთმენლად ველი“, - დაწერა ტრამპმა.