Loading data...
ტრამპმა ჩინეთის ლიდერი თეთრ სახლში მიიწვია

ჩინეთში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ NBC News-ი წერს. 

ტრამპმა მადლობა გადაუხადა სი ძინპინს ამერიკული დელეგაციის მიღებისთვის და 24 სექტემბერს თეთრ სახლში მიიწვია.

პეკინში აშშ-ის პრეზიდენტის პატივსაცემად გამართულ სახელმწიფო ბანკეტზე ტრამპმა აღნიშნა, რომ დღეს მას „უკიდურესად პოზიტიური და პროდუქტიული საუბრები და შეხვედრები“ ჰქონდა. მან მადლობა გადაუხადა მასპინძელს „მშვენიერი მიღებისთვის“.

ტრამპის გამოსვლამდე წარმოთქმულ სადღეგრძელოში ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა „მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობაა“.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მათი წარმატება და არასდროს გავაფუჭოთ ის“, - განაცხადა სი ძინპინმა და დასძინა, რომ ქვეყნები პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები.