ტრამპმა ბრაზილიას დამატებითი სავაჭრო ტარიფები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ბრაზილიიდან იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე საბაჟო გადასახადებს 50%-მდე ზრდის, - ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.
„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ბრაზილიიდან შემოტანილ საქონელზე საბაჟო გადასახადები 50%-მდე გაიზარდა. ეს ტარიფი ბრაზილიის მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებების და პოლიტიკის საპასუხოდ მოხდა. ბრაზილიის მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას“, - ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ ბაჟის გაზრდა დაკავშირებულია სასამართლო პროცესთან, რომელიც ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მიმდინარეობს.