Loading data...
„ტრამპისა და ორბანის შეხვედრამ შესაძლოა, უკრაინა-ევროკავშირის მოლაპარაკებების დაწყებაზე უნგრეთის ვეტოს მოხსნას ხელი შეუწყოს“ - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის შეხვედრის დროს შესაძლოა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე უნგრეთის ვეტოს მოხსნის საკითხი წამოიჭრას. ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ტარას კაჩკამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

ვიცე-პრემიერის თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა გაიგოს, თუ რატომ არის საჭირო უნგრეთის თანხმობა კიევის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

„ჩვენ ამას საკმაოდ დიდი ყურადღება მივაქციეთ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამაზე ისაუბრა. წამოიჭრება თუ არა ეს საკითხი [უნგრეთის ვეტოს მოხსნა ტრამპსა და ორბანს შორის] საუბრის დროს? არსებობს მოლოდინი, რომ ასეც მოხდება“, - აღნიშნა მან.

ამავდროულად, კაჩკამ დასძინა, რომ საუბარი აშშ-ისა და უნგრეთის ლიდერებს შორის ორმხრივ შეხვედრას ეხება და „ყველაფერი კვლავ უკრაინასა და უნგრეთს შორის პირდაპირ დიალოგზეა დამოკიდებული“.

„ეს [ტრამპისა და ორბანის შეხვედრა] შეიძლება დაგვეხმაროს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების პოზიცია, რომლებიც იდეოლოგიურად ორბანთან უფრო ახლოს არიან, ასევე შეიძლება დაგვეხმაროს. ჩვენი ამოცანაა, ვიმუშაოთ ყველა ამ ფრონტზე. დამიჯერეთ, ეს საკითხი იაპონიის მთავრობასთანაც კი განვიხილეთ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ცნობისთვის, ამ კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტს სთხოვა, გავლენა მოახდინოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ბლოკავს.

როგორც ცნობილია, ვიქტორ ორბანი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ვაშინგტონში 7 ნოემბერს შეხვდებიან.