Loading data...
ტრამპის თქმით, სი ძინპინმა მას უთხრა, რომ ჩინეთი ტაივანში არ შეიჭრება, სანამ ის აშშ-ის პრეზიდენტია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მას უთხრა, რომ ჩინეთი ტაივანში არ შეიჭრება, სანამ ტრამპი თანამდებობას იკავებს. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-ს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან ალასკაში მოლაპარაკებების დაწყებამდე განუცხადა, წერს Reuters-ი. 

„გეტყვით, რომ თქვენ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და ტაივანთან ძალიან მსგავსი რამ გაქვთ, მაგრამ არ მჯერა, რომ ვიდრე აქ ვარ, ეს რაიმე ფორმით მოხდება. ვნახოთ“, - განაცხადა ტრამპმა.

„მან მითხრა: „სანამ პრეზიდენტი ხარ, ამას არასდროს გავაკეთებ“. პრეზიდენტმა სი ძინპინმა ეს მითხრა და მე ვუთხარი: „კარგი, ამას ვაფასებ“, თუმცა მან ასევე თქვა: „მაგრამ მე ძალიან მომთმენი ვარ და ჩინეთიც ძალიან მომთმენია“, - აღნიშნა ტრამპმა.

თავის მხრივ, ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ ტაივანის თემა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში „ყველაზე მნიშვნელოვან და მგრძნობიარე საკითხად“ შეაფასა.

„აშშ-ის მთავრობამ უნდა დაიცვას ერთიანი ჩინეთის პრინციპი და აშშ-ჩინეთის სამი ერთობლივი კომუნიკე, გონივრულად მოაგვაროს ტაივანთან დაკავშირებული საკითხები და სერიოზულად დაიცვას ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობები, მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეში“, - განაცხადა საელჩოს პრესსპიკერმა ლიუ პენგიუმ.