Loading data...
ტრამპის თქმით, აშშ-მა დარტყმები განახორციელა გემზე, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა კარიბის ზღვაში დარტყმა განახორციელეს გემზე, რომელსაც ვენესუელიდან ამერიკაში ნარკოტიკები გადაჰქონდა. იერიშს 11 ნარკომოვაჭრე ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტრამპის თქმით, ოპერაცია ვენესუელური ბანდის, Tren de Aragua-ს წინააღმდეგ იყო მიმართული.

ბოლო კვირებში ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის პრეზიდენტზე, ნიკოლას მადუროზე სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლა გააძლიერა. მათ შორის აშშ-მა დააწესა 50 მლნ დოლარის ჯილდო ინფორმაციისთვის, რომლის დახმარებით მადუროს დაპატიმრება შესაძლებელი გახდება. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ვენესუელის პრეზიდენტს ნარკობიზნესში ადანაშაულებს. მადურომ პირობა დადო, რომ აშშ-ის სამხედრო ჩარევის მცდელობას პასუხს გასცემს.

ტრამპის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნარკოტიკებით დატვირთულ გემზე შეტევა უნდა იყოს გაფრთხილება სხვა ნარკომოვაჭრეებისთვის, რომ „აშშ-ში ნარკოტიკების შეტანა არც გაიფიქრონ“.