ტრამპის ტარიფების საპასუხოდ, ევროპა კოორდინირებულ რეაგირებას გეგმავს
ევროპა მოამზადებს კოორდინირებულ პასუხს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, დააწესოს დამატებითი ტარიფები რვა ევროპული ქვეყნისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ აშშ-ის მიერ გრენლანდიის ანექსიას. ესენი არიან: დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებულ სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი.
Bloomberg-ის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ის კოორდინაციას უწევს ევროკავშირის წევრების ერთობლივ პასუხს ტრამპის დღევანდელ განცხადებაზე. თუმცა ოფიციალურმა პირმა დამატებითი დეტალები არ გაამხილა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ „საფრანგეთი ევროპისა და სხვა ქვეყნების ხალხების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთგულია“.
„სწორედ ამის საფუძველზე ვუჭერთ მხარს და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ასევე, სწორედ ამის საფუძველზე გადავწყვიტეთ, მონაწილეობა მიგვეღო გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებულ წვრთნებში. არანაირი დაშინება, ან მუქარა ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს - არც უკრაინაში, არც გრენლანდიაში, არც მსოფლიოში სხვაგან - როდესაც ასეთ სიტუაციებს ვაწყდებით“, - დაწერა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ტარიფებით მუქარას „მიუღებელი“ უწოდა და „ერთიანი და კოორდინირებული“ ევროპული რეაგირების პირობა დადო.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ ევროპის სუვერენიტეტის დაცვას“, - დასძინა მან.
იგივე აზრი გამოთქვა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმაც.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ შანტაჟის მსხვერპლი გავხდეთ. ეს ევროკავშირის საკითხია, რომელიც გაცილებით მეტ ქვეყანას ეხება, ვიდრე ამჟამად გამოყოფილ ქვეყნებს“, - აღნიშნა მან.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემაც კიდევ ერთხელ დაადასტურა დანიის მიმართ მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ტარიფები გრენლანდიასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ნაწილი არ უნდა იყოს.
„ნატოს შიგნით ფართო თანხმობაა არქტიკაში, განსაკუთრებით გრენლანდიაში, უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ტარიფების საკითხი ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს“, - განაცხადა მან.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ასევე დაგმო ტარიფების დაწესების შესახებ ტრამპის გადაწყვეტილება და მათ „აბსოლუტურად არასწორი“ უწოდა, იტყობინება The Guardian-ი.
„ჩვენი პოზიცია გრენლანდიასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა: ის დანიის სამეფოს ნაწილია და მისი მომავალი როგორც გრენლანდიელებზე, ასევე დანიელებზეა დამოკიდებული. ნატოს მოკავშირეების კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესება აბსოლუტურად არასწორია. რა თქმა უნდა, ამ საკითხს პირდაპირ აშშ-ის ადმინისტრაციასთან განვიხილავთ“, - განაცხადა მან.