ტრამპის სპეცწარმომადგენელი მინსკში ჩავიდა და ლუკაშენკოსთან აშშ-ში მისი შესაძლო ვიზიტი განიხილა
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ბელარუსში ჯონ კოული მინსკში ჩავიდა, რათა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეერთებულ შტატებში შესაძლო ვიზიტი განეხილა.
„ჩვენ განვიხილეთ პრეზიდენტ ლუკაშენკოს შეერთებულ შტატებში შესაძლო ვიზიტი და მის ორგანიზებაზე ვიმუშავებთ. [აშშ-ის] პრეზიდენტი [დონალდ] ტრამპი მუდმივად ახსენებს პრეზიდენტ ლუკაშენკოს, როგორც კარგ მეგობარს და პატივცემულ მსოფლიო ლიდერს“, - ხაზგასმით აღნიშნა კოულმა.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ მან ბელარუსის ლიდერთან განიხილა, თუ რას ფიქრობს ის აღმოსავლეთში კონფლიქტთან და მისი მოგვარების გზებთან დაკავშირებით.
„ბელარუსის პრეზიდენტის აზრის მოსმენა ყოველთვის ძალიან ღირებულია, რადგან ეს სრულიად განსხვავებული აზრია იმისგან, რაც შეიძლება დასავლეთისგან მივიღოთ. ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია. ყველაფერს, რაც დღეს აქ განვიხილეთ, აუცილებლად გადავცემ შეერთებულ შტატებს“, - ხაზგასმით აღნიშნა კოულმა.
მხარეებმა ასევე განიხილეს დიპლომატიური მისიების ნორმალიზაცია, ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „პოლიტპატიმრის“ ცნება ბელარუსის კანონმდებლობაში არ არსებობს.