ტრამპის სპეცწარმომადგენელი კიტ კელოგი შესაძლოა, ამ კვირაში უკრაინას კვლავ ეწვიოს - უკრაინული მედია

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი შესაძლოა, ამ კვირაში უკრაინას კვლავ ეწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიები - Kyiv Post და Suspilne - საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
Kyiv Post-მა ორი წყაროსგან შეიტყო, რომ კიტ კელოგი, სავარაუდოდ, „უახლოეს დღეებში“ კვლავ ეწვევა მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ „რეგიონს“.
Suspilne-ს სამთავრობო წრეების წყარომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია კელოგის კიევში ვიზიტის შესაძლებლობის შესახებ. წყაროს ცნობით, კიტ კელოგის ვიზიტის თარიღები ჯერ არ არის განსაზღვრული, ვიზიტი განხილვის ეტაპზეა.
Ukrainska Pravda-ს ცნობით, კელოგს უკრაინაში „სამუშაო კვირის ბოლოს“ ელოდებიან.
ბოლოს კელოგი უკრაინას ახლახან, ივლისის შუა რიცხვებში ეწვია.
აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში რუსეთს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც ეწვევა; მისი ვიზიტი 6-7 აგვისტოს იგეგმება.