Loading data...
ტრამპის შტაბში განმარტეს, თუ როგორ ხედავს ის უკრაინაში ომის დასრულებას

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში მისი პრიორიტეტი რუსეთსა და უკრაინას შორის ომის რაც შეიძლება მალე დასრულება იქნება. თუმცა ევროპულმა ქვეყნებმა უსაფრთხოების მხარდასაჭერად უფრო დიდი წვლილი უნდა შეიტანონ. ამის შესახებ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა. 

როგორც წერილშია აღნიშნული, ტრამპი „ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღადგინოს მშვიდობა, ასევე, ამერიკული ძალა და შეკავება მსოფლიო ასპარეზზე“.

„პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მეორე ვადის მთავარი პრიორიტეტი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე შეთანხმების სწრაფად მიღწევა იქნება. პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გადაიხადონ კონფლიქტთან დაკავშირებული ხარჯების უფრო დიდი წილი, რადგან შეერთებულმა შტატებმა გაცილებით მეტი გადაიხადა, რაც უსამართლოა ჩვენი გადასახადის გადამხდელების მიმართ“, - ნათქვამია ტრამპის საარჩევნო შტაბის კომუნიკაციების დირექტორის, სტივენ ჩენგის წერილობით პასუხში.

ამასთან, შტაბი ტრამპს უწოდებს „ერთადერთ ადამიანს“, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულება შეუძლია და აღნიშნავს, რომ, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ომი არ დაიწყებოდა.

მანამდე დონალდ ტრამპს ორმა მრჩეველმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ გეგმა წარუდგინა. გეგმის თანახმად, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მას შეუძლია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეაჩეროს, თუ ის უარს იტყვის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვაზე. ამასთან, აშშ მოსკოვს გააფრთხილებს, რომ მოლაპარაკებაზე ნებისმიერი უარი უკრაინის მხარდაჭერის გაზრდას გამოიწვევს.