ტრამპის პოზიციის გამო ნატომ შეიძლება ყოველწლიური სამიტები გააუქმოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციის გამო, ნატოს ხელმძღვანელობა ყოველწლიური სამიტების გაუქმებას არ გამორიცხავს. ეს გადაწყვეტილება იმას უკავშირდება, რომ სამიტის დროს ტრამპთან პოლემიკა გამოირიცხოს. ინფორმაციას Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტრამპმა ნატოს წევრი ქვეყნების ხელისუფლებები არაერთხელ გააკრიტიკა. ბოლოს ეს იმის გამო მოხდა, რომ, აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, ალიანსმა ვაშინგტონს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დროს არასათანადო დახმარება გაუწია.
ამავე წყაროს ცნობით, სამიტი, რომელიც 2027 წელს ალბანეთში უნდა ჩატარდეს, დათქმულ ვადებში გაიმართება, მაგრამ 2028 წელს შეხვედრა აღარ ჩატარდება. სწორედ იმ წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და დონალდ ტრამპი პრეზიდენტად კენჭს ვეღარ იყრის.
„ნატო კვლავ გააგრძელებს ქვეყნების და მთავრობების ლიდერების რეგულარული შეხვედრების გამართვას, ხოლო სამიტებს შორის პერიოდში ჩატარდება კონსულტაციები და მიღებული იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც ნატოს ერთიან უსაფრთხოებას ეხება“, - განუცხადა Reuters-ს ნატოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
სააგენტოს რამდენიმე წყარომ განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება სწორედ „ტრამპი ფაქტორის გამო“ არის მიღებული, მაგრამ სხვა წყაროები ამბობენ, რომ ეს უფრო გრძელვადიან დაგეგმვას უკავშირდება.