ტრამპის მომავალი მრჩეველი რუსეთ-უკრაინის ომს პირველ მსოფლიო ომს ადარებს და აცხადებს, რომ კონფლიქტი უნდა შეწყდეს
რესპუბლიკელი კონგრესმენი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი მაიკ უოლცი რუსეთ-უკრაინის ომს პირველ მსოფლიო ომს ადარებს და ამტკიცებს, რომ კონფლიქტი უნდა შეწყდეს.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ომი დასრულდეს, გადაწყვეტილება „უფრო ფართო ჩარჩოებში უნდა იქნეს მიღებული“.
უოლცმა, ასევე, ისაუბრა ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკრაინას ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების უფლებას მისცემს.
„ეს ადამიანებისა და ტექნიკის ხორცსაკეპია ამ ფრონტზე. ეს უფრო პირველი მსოფლიო ომის დროინდელ სანგრების ომს ჰგავს. პრეზიდენტი ტრამპი უკიდურესად შეშფოთებულია სისხლიანი ხოცვა-ჟლეტით, რაც იქ ხდება“, - განაცხადა მან.
უოლცმა აღნიშნა, რომ ახალი პრეზიდენტი შეშფოთებულია ესკალაციით და იმით, თუ საით მიდის ეს ყველაფერი.
„ჩვენ ეს უნდა მივიყვანოთ დასასრულამდე. ჩვენ გვჭირდება შეკავების პოლიტიკის აღდგენა, მშვიდობის დამყარება“, - დასძინა უოლცმა.