Loading data...
ტრამპის მოლაპარაკებებში პუტინი მოითხოვს, უკრაინა არასოდეს შეუერთდეს ნატოს - Bloomberg

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს რუსეთი მოითხოვს, უკრაინამ რაც შეიძლება მალე გაწყვიტოს სამხედრო კავშირები ნატოსთან და მიიღოს ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსი შეზღუდული არმიით. ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომელიც უკრაინის ბრძოლის ველზე თავის უპირატესობაში სულ უფრო მეტად დარწმუნებულია, გადაწყვეტილი აქვს, მიაღწიოს თავის მიზანს - უკრაინა არასოდეს შეუერთდეს ალიანსს და სამხედრო შესაძლებლობები შეზღუდული ჰქონდეს.

„კრემლის პოზიციაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ცალკეულ წევრებს შეუძლიათ გააგრძელონ იარაღის გაგზავნა უკრაინაში უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, ნებისმიერი ასეთი იარაღი არ უნდა იქნეს გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ, ან ტერიტორიის დასაბრუნებლად“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.

წყაროების თქმით, მსგავსი მოთხოვნები უკრაინელ ლიდერებს არ მოეწონებათ. უფრო მეტიც, პუტინის პოზიცია ეწინააღმდეგება ტრამპის განცხადებულ სურვილს, „დასრულდეს კონფლიქტი“ რაც შეიძლება სწრაფად და შესაძლოა, მიზნად ისახავდეს მოსკოვისთვის მოლაპარაკებების თავისუფლების მიცემას მაშინ, როდესაც რუსეთის პროგრესი აღმოსავლეთ უკრაინაში ნელი და ძვირადღირებულია: „უკრაინა და რუსეთი კატარში კერძო მოლაპარაკებებს აწარმოებენ ბირთვული ობიექტების თავდასხმისგან დაცვის წესების შესახებ“.

ამავდროულად, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმირებულმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით პატიმრების გაცვლითა და დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებით შემოიფარგლება. ამასთან, რუსები ცდილობენ, შეინარჩუნონ დე ფაქტო კონტროლი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების თითქმის 20%-ზე, მათ შორის ყირიმზე, „თუმცა მოსკოვი ღიაა გარკვეული ტერიტორიული გაცვლისთვის“.

თავის მხრივ, საკონსულტაციო კომპანია R.Politik-ის დამფუძნებელმა და კარნეგის რუსეთის ევრაზიული ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ტატიანა სტანოვაიამ აღნიშნა, რომ მოსკოვის პოზიცია უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან და მის განიარაღებასთან დაკავშირებით „ურყევია“.

„ტერიტორიების საკითხი კონფლიქტის მთავარი პრობლემა არ არის. მას აქვს ბევრად უფრო ფართო კონტექსტი, რომელიც, როგორც ჩანს, დასავლეთში ბოლომდე ჯერ კიდევ არ ესმით“, - განაცხადა ექსპერტმა.