ტრამპის განცხადებით, თუ ირანის ხელისუფლება დაკავებულებს სიკვდილით დასჯის, აშშ მკაცრ ზომებს მიიღებს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები „მკაცრ ზომებს“ მიიღებს, თუ ირანის რეჟიმი დაკავებულ ირანელებს სიკვდილით დასჯის.
„თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ მივიღებთ ძალიან მკაცრ ზომებს.
ჩვენ არ გვსურს იმის ნახვა, რაც ირანში ხდება. იცით, თუ მათ პროტესტის გამოხატვა სურთ, ეს ერთი საკითხია, მაგრამ როდესაც ათასობით ადამიანის მკვლელობას იწყებენ და ახლა ჩამოხრჩობაზე მეუბნებით, ვნახოთ, ეს როგორ დასრულდება მათთვის. ეს მათთვის კარგად არ დამთავრდება“, - განუცხადა პრეზიდენტმა CBS News-ს ინტერვიუში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის იქნებოდა აშშ-ის ეს ქმედება.
კითხვაზე, თუ რა დახმარება მზადდებოდა ირანელი ხალხისთვის, ტრამპმა მიანიშნა, რომ ეს შესაძლოა ეკონომიკური დახმარება იყოს.
„გზაშია ბევრი დახმარება, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ეკონომიკური დახმარება ჩვენი მხრიდან, რაც თავად ირანს [რეჟიმს] დიდად არ წაადგება“, - დასძინა მან.