ტრამპის განცხადებით, მსოფლიო ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ღაზას რეკონსტრუქციის წინაპირობა მისი დემილიტარიზაციაა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შარმ-ელ-შეიხში ღაზას სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი 20-პუნქტიანი ღაზას გეგმა ამჟამად წინ მიიწევს და რომ დარბაზში მყოფი ზოგიერთი ლიდერი დაინიშნება მშვიდობის საბჭოში, რომლის ამოცანაა პალესტინელი ტექნოკრატების გარდამავალი მთავრობის ზედამხედველობა. აღნიშნული მთავრობა ომის შემდეგ ღაზას ადმინისტრირებას განახორციელებს.
„ყველას სურს მშვიდობის საბჭოში ყოფნა. მკითხეს: „თქვენ იქნებოდით თავმჯდომარე?“ მე ვუპასუხე: „მეც საკმაოდ დაკავებული ვარ. მაგრამ რაც არ უნდა გავაკეთოთ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის, ღირს“, - ხუმრობით აღნიშნა ტრამპმა.
„ღაზას მოსახლეობისთვის ახლა ყურადღება კარგი ცხოვრების საფუძვლების აღდგენაზე უნდა იყოს გამახვილებული. ღაზაში დიდი თანხა შევა და აღმშენებლობაც დაიწყება. მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ დღეს და ბოლო კვირის განმავლობაში უამრავმა ქვეყანამ, რომლებსაც დიდი სიმდიდრე, ძალაუფლება და ღირსება აქვთ, მომმართა და მითხრა, რომ ღაზას აღდგენაში დახმარება სურთ“, - განაცხადა ტრამპმა.
„როდესაც ამ ვალდებულებებს აიღებენ, მსოფლიოს ვაცნობებ, თუ ვინ ასრულებს ამას, რადგან ისინი ნამდვილად იმსახურებენ დიდ დაფასებას. ყველანი შევთანხმდით, რომ ღაზას მხარდაჭერა თავად ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უნდა მოხდეს, მაგრამ არ გვინდა დავაფინანსოთ ისეთი რამ, რაც სისხლისღვრასთან, სიძულვილთან, ან ტერორთანაა დაკავშირებული, როგორც ეს წარსულში ხდებოდა“, - განაცხადა ტრამპმა.
„ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ღაზას რეკონსტრუქცია მოითხოვს მის დემილიტარიზაციას და რომ ახალ, პატიოსან სამოქალაქო პოლიციის ძალებს უნდა მიეცეთ ღაზაში მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხო პირობების შექმნის საშუალება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა ხალხი გააერთიანა და არა დააშორა ერთმანეთს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.