Loading data...
ტრამპის განცხადებით, ევროპელი ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის განსახილველად ამ კვირაში აშშ-ს ეწვევიან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცალკეული ევროპელი ლიდერები ორშაბათს, ან სამშაბათს [8-9 სექტემბერს] შეერთებულ შტატებს ეწვევიან, რათა რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების გზები განიხილონ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

7 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მალე რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკება.

„ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ორშაბათს, ან სამშაბათს ჩვენს ქვეყანას ინდივიდუალურად ეწვევა“, - განაცხადა ტრამპმა. გაურკვეველია, კონკრეტულად ვის გულისხმობდა ტრამპი და თეთრ სახლს დამატებითი დეტალები არ გაუმხელია. 

ტრამპმა დასძინა, რომ ის „უკმაყოფილოა“ რუსეთ-უკრაინის ომის მდგომარეობით მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა კვირა ღამით რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური საჰაერო დარტყმის შესახებ იკითხეს, რომლის შედეგადაც კიევში მთავრობის მთავარ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. თუმცა ამერიკელმა ლიდერმა კვლავ გამოთქვა რწმენა, რომ ომი მალე მოგვარდება.

„რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული სიტუაცია, ჩვენ მას მოვაგვარებთ“, - განაცხადა ტრამპმა.