Loading data...
ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მისი მეორე ვადის დაწყებიდან დღემდე 300 000-ზე მეტი ამერიკული ვიზა გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც მედია აღნიშნავს, ბოლო კვირებში ვიზების გაუქმების ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტომი პიგოტმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ტრამპის ადმინისტრაციამ უფრო მეტი ვიზა გააუქმა და ეს ბევრად უფრო სწრაფი ტემპით გააკეთა, ვიდრე აშშ-ის ისტორიაში ნებისმიერმა სხვა ადმინისტრაციამ“.

მისი თქმით, ადმინისტრაცია „ნულოვან ტოლერანტობას იჩენს იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც აშშ-ში ვიზით იმყოფებიან, თუმცა კანონს არღვევენ, თაღლითობას ჩადიან ან ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნიან“.

ტრამპი აცხადებს, რომ მისი იმიგრაციისა და დეპორტაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია შიდა უსაფრთხოების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

უფლებადამცველები აკრიტიკებენ ამ კამპანიას და აცხადებენ, რომ პროცესი ხშირად არღვევს სამართლებრივ პროცედურებსა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც საფრთხის შემცველ გარემოს ქმნის ეთნიკური უმცირესობებისთვის.