ტრამპი: ჟურნალისტებს ღაზაში შესვლის უფლება უნდა მიეცეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს, ჟურნალისტებს ღაზას სექტორში შესვლის საშუალება ჰქონდეთ. ამის შესახებ მან თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იტყობინება Reuters-ი.
როგორც ცნობილია, ისრაელმა უცხოელ ჟურნალისტებს ღაზაში შესვლის უფლება 2023 წლის ოქტომბერში ომის დაწყების შემდეგ არ მისცა, ისრაელის სამხედრო ესკორტის ქვეშ მყოფი ჟურნალისტების გარდა.
14 აგვისტოს ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს, ჟურნალისტებს ჰქონდეთ ღაზას სექტორში შესვლის უფლება, რათა ნახონ ჰუმანიტარული ძალისხმევა.
„მინდა, რომ ეს მოხდეს, რა თქმა უნდა. ჟურნალისტების იქ წასვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს. როგორც იცით, ეს ჟურნალისტებისთვის ძალიან საშიში სიტუაციაა, მაგრამ მე ამის ნახვა მსურს“, - აღნიშნა ტრამპმა.
ღაზაში სამხედრო ოპერაციების მიმართ მზარდი საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, ისრაელმა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ მეტ სატვირთო მანქანას საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცა, ზოგიერთ ქვეყანას კი საკვებისა და მედიკამენტების საჰაერო გზით ჩაშვების უფლება მისცა.
გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა და კანადამ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარება საჰაერო გზით ჩაუშვეს.