ტრამპი: ვფიქრობ, სი ძინპინთან შესანიშნავი შეხვედრა გვექნება და ბევრი პრობლემა მოგვარდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ვარაუდობს, რომ სავაჭრო ომის შემსუბუქების მიზნით, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან მოლაპარაკებების დროს „ბევრი საკითხი“ მოგვარდება.
ტრამპი მოელის, რომ სი ძინპინთან შეხვედრა შეერთებული შტატების მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფების შემცირებას გამოიწვევს.
„ვფიქრობ, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შესანიშნავი შეხვედრა გვექნება და ბევრი პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა ტრამპმა სამხრეთ კორეაში მიმავალ გზაზე, სადაც სი ძინპინთან შეხვედრაა დაგეგმილი.
მან ასევე დასძინა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„ჩვენ მასთან [სი ძინპინთან] მოლაპარაკებები გვქონდა, შეხვედრაზე მომზადების გარეშე არ მივდივართ... ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოსთვის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, „დარწმუნებული არ არის“, განიხილავს თუ არა ტაივანის თვითმმართველობის მგრძნობიარე თემას ჩინეთის ლიდერთან შეხვედრის დროს.