Loading data...
ტრამპი: უკრაინის მდგომარეობა მძიმეა - ზელენსკის შეუძლია მშვიდობა ჰქონდეს, ან იბრძოლოს კიდევ სამი წელი, სანამ მთელ ქვეყანას დაკარგავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინელი კოლეგის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის არაღიარების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს რუსეთთან „სამშვიდობო მოლაპარაკებებს“ ზიანს აყენებს. ამის შესახებ ამერიკელმა ლიდერმა Truth Social-ში დაწერა. 

ტრამპის თქმით, ზელენსკის განცხადება, რომ უკრაინა იურიდიულად არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას, „ძალიან საზიანოა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, ვინაიდან ყირიმი მრავალი წლის წინ დაიკარგა პრეზიდენტ ბარაკ ჰუსეინ ობამას ეგიდით და განხილვის საგანიც კი არ არის“.

„არავინ სთხოვს ზელენსკის ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას, მაგრამ თუ მას ყირიმი სურს, რატომ არ იბრძოდნენ ამისთვის თერთმეტი წლის წინ, როცა ის რუსეთს ერთი გასროლის გარეშე გადაეცა?“ – აღნიშნა ტრამპმა.

თავისი მოსაზრების მხარდასაჭერად აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმის ანექსიამდეც „იქ რუსული წყალქვეშა ნავების ძირითადი ბაზები მდებარეობდა“.

„ზელენსკის მსგავსი მწვავე განცხადებები ამ ომის მოგვარებას ართულებს. მას არაფერი აქვს საამაყო! უკრაინის მდგომარეობა მძიმეა - მას შეუძლია მშვიდობა ჰქონდეს, ან იბრძოლოს კიდევ სამი წელი, სანამ მთელ ქვეყანას დაკარგავს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, რუსეთთან საერთო არაფერი აქვს, მხოლოდ სურს, გადაარჩინოს საშუალოდ კვირაში ხუთი ათასი რუსი და უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ყოველგვარი მიზეზის გარეშე იღუპებიან.

„ზელენსკის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება სხვა არაფერია თუ არა „მკვლელობის ველის“ გახანგრძლივება და ეს არავის სურს! ჩვენ ძალიან ახლოს ვართ გარიგებასთან, მაგრამ კაცმა [ზელენსკიმ], რომელსაც ამჟამად „სათამაშო კარტი არ აქვს“, საბოლოოდ, ეს უნდა გააკეთოს. მოუთმენლად ველი, რომ შევძლებ, დავეხმარო უკრაინას და რუსეთს, გამოვიდნენ ამ სრული და ტოტალური აშლილობისგან, რომელიც არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, - აღნიშნა ტრამპმა.