ტრამპი: თუ პუტინთან შეხვედრა ცუდად წარიმართება, ის ძალიან სწრაფად დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან მისი სამიტი „ძალიან სწრაფად“ დასრულდება, თუ ამერიკელი ლიდერი პირველივე წუთებიდან მიხვდება, რომ შეხვედრა „ცუდად“ მიმდინარეობს. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში განუცხადა, იუწყება CNN-ი.
მისი აზრით, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მშვიდობა სურს და 15 აგვისტოს ალასკაში დაგეგმილ სამიტზე არასერიოზულად არ მოიქცევა.
„ჩვენ გავარკვევთ, რა პოზიციას იკავებს თითოეული. და პირველი ორი, სამი, ოთხი, ხუთი წუთის განმავლობაში გავიგებ... კარგი იქნება ეს შეხვედრა, თუ ცუდი“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
„და თუ შეხვედრა ცუდი იქნება, ის ძალიან სწრაფად დასრულდება. და თუ შეხვედრა კარგი იქნება, ჩვენ უახლოეს მომავალში მშვიდობას მივაღწევთ“, - დასძინა მან.
ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი „არასდროს უნდა მომხდარიყო“.
„მე რომ პრეზიდენტი არ ვყოფილიყავი, ვფიქრობ, ის მთელ უკრაინას ბევრად უფრო სწრაფად დაიკავებდა. თუმცა მე ვარ პრეზიდენტი და ის ჩემთან თამაშს არ აპირებს“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.