ტრამპი სი ძინპინს: თქვენ შესანიშნავი ლიდერი ხართ, როცა ამას ვამბობ, ხალხს არ მოსწონს, მაგრამ ეს სიმართლეა და ვამბობ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პეკინში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა, სადაც ის ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ცერემონია აშშ-ის ეროვნული ჰიმნის შესრულებით და 21 ქვემეხის სროლით დაიწყო.
როგორც უცხოური მედია იტყობინება, ტრამპი მიესალმა ჩინეთის ლიდერს, შემდგომ კი ჩინეთის ეროვნული ჰიმნი შესრულდა.
შეხვედრის დასაწყისში სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთისა და აშშ-ს წარმატება ორივე მხარისთვის შესაძლებლობაა.
„დაე, 2026 წელი იყოს ისტორიული და გარდამტეხი წელი ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობებისთვის, რომელიც წარსულზე დაყრდნობით და მომავლის დაწყებით იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.
თავის მხრივ, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ მას და სი ძინპინს დიდი ხანია „შესანიშნავი ურთიერთობა“ აქვთ, რაც მათ საშუალებას აძლევს, სირთულეები მოაგვარონ და დასძინა, რომ მათ ნათელი მომავალი ელით.
„ყოველთვის, როცა პრობლემა გვქონდა, ძალიან სწრაფად ვაგვარებდით მას“, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ პატივს სცემს ჩინეთს და სი ძინპინის მიერ გაწეულ სამუშაოს.
„თქვენ შესანიშნავი ლიდერი ხართ, ყველას ვეუბნები, თქვენ შესანიშნავი ლიდერი ხართ. ზოგჯერ ხალხს არ მოსწონს, როცა ამას ვამბობ, მაგრამ მაინც ვამბობ, რადგან ეს სიმართლეა“, - მიმართა ტრამპმა სი ძინპინს.