14 მარტი 6:36
უცხოეთი
ტრამპი: შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს კიმ ჩენ ინთან და ვნახოთ, რა მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობა აქვს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას Reuters-ი ავრცელებს. 

ნატოს გენერალურ მდივან, მარკ რუტესთან შეხვედრისას ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, აპირებს თუ არა ურთიერთობის აღდგენას კიმ ჩენ ინთან, რის საპასუხოდაც ტრამპმა თქვა, რომ მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან. 

„მე მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა კიმ ჩენ ინთან და ვნახოთ, რა მოხდება... მას ბირთვული ძალა გააჩნია“, - აღნიშნა ტრამპმა. 

მან ასევე ახსენა რუსეთისა და ჩინეთის ბირთვული არსენალი და აღნიშნა, - „დიდი მიღწევა იქნება, თუ შევძლებთ მათი რაოდენობის შემცირებას.“

ინფორმაციისთვის, ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან თანამშრომლობის განახლებას აპირებს. 

პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში, დონალდ ტრამპმა სამი შეხვედრა გამართა კიმ ჩენ ინთან: სინგაპურში, ჰანოიში და კორეის საზღვარზე.