Loading data...
ტრამპი: შესაძლოა, პუტინს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება სურს, ვფიქრობ, მისთვის ეს ძალიან რთული იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის ოკუპაციას გეგმავს.

„შესაძლოა, პუტინს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება სურს. ვფიქრობ, მისთვის ეს ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა ტრამპმა. 

ამავდროულად, მისი თქმით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ ეს პუტინზე გავლენას მოახდენს.

„ის საკმაოდ კარგად უმკლავდება სანქციებს. მან იცის, როგორ აიცილოს ისინი თავიდან“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, შეიცვალა თუ არა მისი აზრი პუტინის შესახებ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.

„ის აშკარად კერკეტი კაკალია, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. თუმცა გაკვირვებული ვარ. ჩვენ ბევრი კარგი საუბარი გვქონდა, სადაც შეგვეძლო ამ ყველაფრის დასრულება, შემდეგ კი უცებ ბომბები აფეთქდა“, - განაცხადა ტრამპმა.

გარდა ამისა, როდესაც ტრამპს ბირთვული წყალქვეშა ნავების გადაადგილების შესახებ მის განცხადებაზე ჰკითხეს, მან თქვა, რომ „ისინი რუსეთთან უფრო ახლოს არიან“.

ცნობისთვის, პუტინმა განაცხადა, რომ ომის დასრულების რუსული პირობები, რომლებიც მან გასულ ზაფხულს გააჟღერა, არ შეცვლილა - ესენია უკრაინული ჯარების გაყვანა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიებიდან, ასევე, უკრაინის უარი ნატოში გაწევრიანებაზე, ქვეყნის არაბირთვული სტატუსის განმტკიცება და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა. მან ასევე უპასუხა ტრამპის სიტყვებს მისი საქციელით იმედგაცრუების შესახებ და თქვა, რომ „ყველა იმედგაცრუება გადაჭარბებული მოლოდინებიდან გამომდინარეობს“.