Loading data...
ტრამპი: შემიძლია წინ წავიდე და ავიღო ყველაფერი, ან ორ-სამ დღეში დავასრულო და ირანელებს ვუთხრა - „რამდენიმე წელიწადში შევხვდებით, თუ ქვეყნის ბირთვული შესაძლებლობების აღდგენას დაიწყებთ“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Axios-თან მოკლე ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომში მას წინსვლის რამდენიმე გზა აქვს, მათ შორის ქვეყნის „დაპყრობის“ გრძელვადიანი მცდელობა.

„შემიძლია წინ წავიდე და ავიღო ყველაფერი, ან ორ-სამ დღეში დავასრულო და ირანელებს ვუთხრა: „რამდენიმე წელიწადში შევხვდებით, თუ ქვეყნის ბირთვული შესაძლებლობების აღდგენას დაიწყებთ“, - განუცხადა მან Axios-ს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანს „რამდენიმე წელი“ დასჭირდება აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების შედეგების აღმოსაფხვრელად.

ინტერვიუში ტრამპმა ახსენა ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობა და ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში განხორციელებულ სხვადასხვა თავდასხმასთან ირანის კავშირების ისტორია. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ირანმა დაიწყო ზოგიერთი ობიექტის აღდგენა, რომლებსაც აშშ-მა გასულ წელს დაარტყა და რომლებიც, მისი თქმით, „განადგურებული“ იყო.

Axios-ის ცნობით, ტრამპს შეტევის კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია და თქვა, რომ ეს ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ბედზე.