ტრამპი: შეერთებული შტატები არ უნდა ჩარეულიყო უკრაინის ომში
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ უნდა ჩარეულიყო უკრაინის ომში.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ვაშინგტონის წინა პოლიტიკა და განაცხადა, რომ აშშ-მა ასობით მილიარდი დოლარი დახარჯა ყოველგვარი სარგებლის გარეშე.
„ჩვენ მილიარდებს ვხარჯავთ. იცით, უკრაინაში შესვლა არ დაგვჭირვებია. უკრაინა ათასობით მილის დაშორებითაა, ოკეანის გადაღმა... ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც უბრალოდ სულელი იყო: მან მათ 350 მილიარდი დოლარი მისცა და სანაცვლოდ არაფერი მიუღია“, - აღნიშნა მან.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის იარაღის მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში გადაიტანეს, რამაც აშშ აიძულა, გაეზარდა საბრძოლო მასალის წარმოება.
ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ შეცვალა მიდგომა და ახლა იარაღს ყიდის.
„საბრძოლო მასალას ვყიდი. ევროკავშირი იხდის“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.