ტრამპი სეუტას კრიზისზე: ეს ქვეყნის ინვაზიაა, რაც სუსტი კანონმდებლობისა და ცუდი მმართველობის შედეგია, აშშ-ს უფრო მძიმე სცენარი ელის, თუ რესპუბლიკელები წააგებენ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, იგი ყურადღებით აკვირდებოდა ესპანეთის ანკლავ სეუტაში განვითარებულ მოვლენებს.
„თვალს ვადევნებდი იმ კატასტროფას, რაც ესპანეთში მოხდა. ეს ასობით ათასი ადამიანის მხრიდან ქვეყნის ინვაზიას ჰგავს. თუ არჩევნებში რესპუბლიკელები ვერ გაიმარჯვებენ, იგივე სცენარი, ოღონდ ბევრად მძიმე ფორმით, ჩვენთანაც განმეორდება. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით მილის სიგრძის კედელი ავაგეთ, ისინი მაინც გაცილებით მარტივად შემოაღწევენ. დღეს მსოფლიოში ყველაზე დაცული საზღვარი გვაქვს, თუმცა ხელისუფლებაში ჩვენი არყოფნის შემთხვევაში, ქვეყანას ისეთი მასშტაბით შემოესევიან, რომ ესპანეთის შემთხვევა უმნიშვნელოდ მოგვეჩვენება“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც შეერთებული შტატების ლიდერმა აღნიშნა, სეუტას მოვლენებზე დაკვირვების შემდეგ გადაწყვიტა, ეს საკითხი შუალედური არჩევნებისთვის მთავარ თემად ექცია.
„როდესაც ვუყურებ, რა მოხდა ესპანეთში – მათ არ იციან, რა იღონონ. ეს ქვეყნის ჩვეულებრივი ინვაზიაა, რაც სუსტი კანონმდებლობის, ცუდი მართვისა და მეტისმეტად ლიბერალური მიდგომების შედეგია. მათ რამდენიმე კანონი მიიღეს, ხალხმა კი ეს წაიკითხა. იცით, ხალხი ჭკვიანია - ისინი სხვა ქვეყნების სიახლეებსაც ადევნებენ თვალს. სამი მილი გადაცურეს, მსგავსი რამ არავის უნახავს. ესეც კი მსუბუქად მოგვეჩვენება იმასთან შედარებით, რაც შეერთებულ შტატებს ელის“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიგრაციული პოლიტიკაც გაიხსენა და მას „ყველაზე ცუდი ნაბიჯი“ უწოდა.