ტრამპი სანქციებთან დაკავშირებით პუტინის განცხადებაზე: ვნახოთ, 6 თვის შემდეგ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, 6 თვეში შესაძლებელი იქნება იმის დანახვა, მოახდენს თუ არა აშშ-ის სანქციები გავლენას რუსეთზე. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა.
ეს იყო ტრამპის პასუხი თავისი რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის სიტყვებზე, რომ შეზღუდვები არ მუშაობს.
„მიხარია, რომ ის [პუტინი] ასე ფიქრობს. ვნახოთ ექვსი თვის შემდეგ“, - აღნიშნა ტრამპმა.
რუსულმა გაზეთმა „კომერსანტმა“ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც „აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს“.
პუტინის თქმით, სანქციები უარყოფითად იმოქმედებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე.
შეგახსენებთ, ამერიკული სანქციები შეეხო რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას - „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ - ასევე მათ შვილობილ კომპანიებს.