ტრამპი: რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულება ზელენსკის და პუტინს შორის არსებული მტრობის გამო რთულია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას მარტივად შეძლებდა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ყველაფერი ასე მარტივი არ ყოფილა, - როგორც RBC-Ukraine იუწყება , ტრამპმა ამის შესახებ 77 WABC-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტმა აღიარა, რომ ადრე მას მიაჩნდა, რომ რუსეთისა და უკრაინის ომის მოგვარება მისთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, რადგან კარგად იცნობდა რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს.
„როგორც ჩანს, ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობ, რომ ახლოს ვართ, ის (პუტინი ) მიდის და კიდევ ერთ ბომბს ისვრის და ეს უბრალოდ ცუდია. ძალიან გაკვირვებული ვარ. მეგონა, რომ ეს ყველაზე მარტივი საქმე იქნებოდა - რუსეთი და უკრაინა. ვთქვი, რომ ეს საქმე საკმაოდ სწრაფად მოგვარდებოდა. მაგრამ ეს რთულია, პუტინსა და ზელენსკის შორის დიდი სიძულვილია, როგორც იცით, ბევრი მტრობაა და ბევრი, ბევრი სისხლი დაიღვარა“, - დასძინა ამერიკელმა ლიდერმა.
მან, ასევე, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში „ყოველკვირეულად 5-დან 7 ათასამდე ადამიანი იღუპება“.