ტრამპი: რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტია, მისი ძმა ლუი უფრო მომწონს - არ მინდა პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს - ლეო, როგორც პაპი გონს უნდა მოეგოს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომის პაპს აკრიტიკებს და მას დანაშაულის წინააღმდეგ სუსტს უწოდებს. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„რომის პაპი ლეო დანაშაულთან ბრძოლაში სუსტია და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საშინელია. ის საუბრობს ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ „შიშზე“, მაგრამ არ ახსენებს იმ შიშს, რომელიც კათოლიკურ ეკლესიასა და სხვა ქრისტიანულ ორგანიზაციებს ჰქონდათ COVID-ის დროს, როდესაც მღვდლებს აკავებდნენ ღვთისმსახურებისთვის, მაშინაც კი როდესაც ათი და ოცი ფუტის დაშორებით იდგნენ. მისი ძმა ლუი უფრო მომწონს, რადგან ლუი ბოლომდე MAGA-ს მხარდამჭერია. მას ეს ესმის, ლეოს კი არა.
მე არ მინდა პაპი, რომელიც ფიქრობს, რომ ირანს ბირთვული იარაღი უნდა ჰქონდეს. არ მინდა პაპი, რომელიც თვლის, რომ ამერიკის მიერ ვენესუელაზე თავდასხმა საშინელებაა. ქვეყანაზე, რომელიც აშშ-ში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების აგზავნიდა. არ მინდა პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს, რადგან მე ზუსტად იმას ვაკეთებ, რისთვისაც დიდი უპირატესობით ამირჩიეს“, - აცხადებს ტრამპი.
ამასთან, ტრამპის თქმით, რომის პაპი მადლობელი უნდა იყოს, რადგან მისი არჩევა მოულოდნელობას წარმოადგენდა და კანდიდატთა სიაში მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ამერიკელია.
„ლეო მადლობელი უნდა იყოს, რადგან, როგორც ყველამ იცის, მისი არჩევა მოულოდნელი იყო. ის არცერთ სიაში არ იყო და მხოლოდ იმიტომ აირჩიეს, რომ ამერიკელია. მე რომ თეთრ სახლში არ ვყოფილიყავი, ლეო ვატიკანში არ იქნებოდა. ლეო, როგორც პაპი გონს უნდა მოეგოს, საღ აზრს მიმართოს და რადიკალი მემარცხენეების ინტერესებისთვის ანგარიშის გაწევა უნდა შეწყვიტოს.
მან აქცენტი უნდა გააკეთოს იმაზე, რომ დიდებული პაპი იყოს და არა პოლიტიკოსი. ეს მას ძალიან აზიანებს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს კათოლიკურ ეკლესიას აზიანებს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.