Loading data...
ტრამპი „როიტერის“ ჟურნალისტს: თქვენ ავადმყოფი ხართ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტს ავადმყოფი უწოდა, რომელმაც მას ჰკითხა, ხომ არ არის დაკავშირებული კანზასში სიტყვით გამოსვლაზე უარი ტრამპის გადაღლილობასთან ბოლო თვეში 28 საარჩევნო მიტინგის გამო. ამის შესახებ pbs.org იუწყება.

ინციდენტი ვაშინგტონთან ახლოს მდებარე ენდრიუსის ავიაბაზაზე მოხდა, სადაც ტრამპი სამხრეთ კაროლინიდან დაბრუნდა. ჟურნალისტი ტრამპის ფიზიკური მდგომარეობით დაინტერესდა, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „თავს გრძნობს ძალიან კარგად და ეს ჩანს კიდეც“.

როდესაც „როიტერის“ კორესპონდენტმა დააზუსტა, ხომ არ არის დაკავშირებული კანზასში სიტყვით გამოსვლაზე უარი ტრამპის გადაღლილობასთან ბოლო თვეში 28 საარჩევნო მიტინგის გამო, ამან ტრამპის საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოიწვია.

„თქვენ ხართ ავადმყოფი, „როიტერი“ კი საშინელებაა. შეხედეთ ამ კაცს, საშინელ ფორმაშია. ორი კვირის განმავლობაში დამყვებით და უნდა ხედავდეთ, რომ თავს კარგად ვგრძნობ. თქვენ კი საშინელება ხართ. მოიყვანეთ საკუთარი თავი ფორმაში, თორემ ძალიან ცუდად გამოიყურებით“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპსა და ჟურნალისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ადრეც მომხდარა. ამჟამად დონალდ ტრამპი აშშ-ის რეგიონებში დადის, რადგანაც 3 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები გაიმართება, სადაც სენატის მესამედი და წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა იქნება არჩეული.