ტრამპი: პუტინს უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ მიწოდების იდეა არ მოსწონს

კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერს არ მოეწონა უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდების იდეა. ამის შესახებ მან კრემლის ლიდერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრამპის თქმით, საუბრის დროს პუტინს ჰკითხა, წინააღმდეგი იქნებოდა თუ არა ის აშშ-ის მიერ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდების.
„ვკითხე: „წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თუ თქვენს ოპონენტებს რამდენიმე ათას „ტომაჰავკს“ მივცემ?“ ეს ვუთხარი. მას ეს იდეა არ მოეწონა. ზოგჯერ ცოტა გულუბრყვილო უნდა იყო, მაგრამ, არა, მას ეს არ სურს“, - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ფრთოსანი რაკეტები „სასტიკი იარაღია“. ამავდროულად, მან დასძინა, რომ შეერთებულ შტატებსაც სჭირდება „ტომაჰავკები“.
„იცით, ჩვენ „ტომაჰავკები“ ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც გვჭირდება. ბევრი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება. ამიტომ არ ვიცი, რა შეგვიძლია გავაკეთოთ“, - დაასკვნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების სატელეფონო საუბარი გაიმართა. სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტში პუტინს შეხვდება.
მისივე თქმით, შეხვედრა შესაძლოა, ორ კვირაში გაიმართოს.