ტრამპი: პუტინი და სი ძინპინი ძლიერი ლიდერები არიან, მათთან თამაში არ შეიძლება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს ძლიერი, ინტელექტუალური ადამიანები უწოდა. ამის შესახებ ტრამპმა „სიბიესნიუსსთან“ ინტერვიუში განაცხადა. წერს ბიბისი.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ორივე ლიდერი - პუტინიც და სი ძინპინიც სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვისთან არის უფრო რთული ურთიერთობა, ვლადიმერ პუტინთან თუ სი ძინპინთან? - თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, რომ „ორივე მკაცრი და ორივე ჭკვიანია“.
„მათ {პუტინი, სი ძინპინი} ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ისინი არ არიან იმ ტიპის ადამიანები, რომლებიც მოდიან და ამბობენ - „„ოჰ, რა მშვენიერი დღეა! შეხედეთ, რა ლამაზია. მზე ანათებს, ისეთი სასიამოვნოა“.
ისინი სერიოზული ადამიანები არიან და მათთან თამაში არ შეიძლება. მკაცრი და ჭკვიანი ლიდერები არიან“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.