Loading data...
ტრამპი: ნატო უფრო ძლიერი გახდება, თუ აშშ გრენლანდიას გააკონტროლებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ნატო უფრო ძლიერი გახდება, თუ შეერთებული შტატები გრენლანდიაზე კონტროლს დაამყარებს. 

ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია „ეროვნული უსაფრთხოებისთვის“ სჭირდება და რომ ნატო ვაშინგტონს კუნძულზე კონტროლის დამყარებაში უნდა დაეხმაროს. 

„ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ოქროს გუმბათისთვის, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. ნატომ უნდა გაგვიხსნას გზა [გრენლანდიის] მისაღებად. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, რუსეთი ან ჩინეთი გააკეთებს. ეს არ უნდა დავუშვათ“. - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

ამასთან, ტრამპის თქმით, შეერთებული შტატების გარეშე ნატო ვერ იქნებოდა ეფექტური შემაკავებელი ძალა.

„სამხედრო თვალსაზრისით, შეერთებული შტატების უზარმაზარი ძალის გარეშე, რომლის დიდი ნაწილიც ჩემი პირველი ვადის განმავლობაში ავაშენე და ახლა ახალ და კიდევ უფრო მაღალ დონეზე ვზრდი, ნატო ვერ იქნებოდა ეფექტური ძალა ან შემაკავებელი ძალა – ახლოსაც კი არაა. მათ ეს იციან და მეც ვიცი“, - აცხადებს ტრამპი.