Loading data...
ტრამპი: ნამდვილად მჯერა, რომ კუბის ხელში ჩაგდების პატივი მექნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუბა კოლაფსის პირასაა და შეერთებულ შტატებს შეუძლია, კუნძულთან დაკავშირებით გააკეთოს ის, რაც უნდა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, იუწყება Politico

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კუბა ამჟამად საწვავის სერიოზულ დეფიციტს განიცდის მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ვენესუელა აიძულა, კარიბის ზღვის კუნძულისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება შეეწყვიტა.

„ვფიქრობ, კუბა თავის დასასრულს უახლოვდება. მთელი ცხოვრებაა, შეერთებულ შტატებსა და კუბაზე მესმის. როდის გააკეთებს ამას შეერთებული შტატები? ნამდვილად მჯერა, რომ მექნება პატივი, კუბა ხელში ჩავიგდო“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

როდესაც ტრამპს სთხოვეს, განემარტა, თუ რას გულისხმობდა „კუბის ხელში ჩაგდებაში“, რომელიც 1959 წლიდან კომუნისტური რეჟიმის კონტროლის ქვეშაა, მან უპასუხა, რომ აშშ-ს „ნებისმიერი ფორმით“ ჩარევა შეუძლია.

„გავათავისუფლებ, თუ დავიპყრობ, ვფიქრობ, ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რაც მინდა, სიმართლე უნდა იცოდეთ. ის ამჟამად ძალიან დასუსტებული ერია“, - განაცხადა მან.

როგორც Politico წერს, ეს კომენტარები პრეზიდენტის ტონის გაუარესებაზე მიუთითებს. გასულ კვირას მან განაცხადა, რომ კუბაზე „მეგობრული კონტროლის დამყარება“ შესაძლებელია.